მუხათწყაროში გზის დაგება მიმდინარეობს, ლისში კი პროექტი უკვე დასრულდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის პროექტი უკვე დასრულდა სოფელ ლისში, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარით 1-კილომეტრიანი გზის 2 მონაკვეთი მოწესრიგდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება ნახევარ-მილიონ ლარამდე შეადგენს.
ასევე, ნახევარ-მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი დასკვნით ეტაპზეა სოფელ მუხათწყაროშიც, სადაც მიმდინარე სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა დედაქალაქთან დაკავშირებას უმოკლესი და კეთილმოწყობილი გზით შეძლებს.
მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.