6 მარტს, 2018-2019 სასწავლო წლის „მცხეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა და გამარჯვებული მცხეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ ხუბულურია. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მცხეთის 84 გამორჩეული ახალგაზრდის მონაწილეობით მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდა და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მეორე ადგილზე ქულათა რაოდენობით გამარჯვებული ძველი ქანდის საშუალო სკოლის მოსწავლე დავით ბეკურიშვილი გახდა, ხოლო მესამე ადგილზე დავით მაზანაშვილი გავიდა. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთის რესურსცენტრის უფროსი ბექა იორდანიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები , სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის მცხეთის ეტალონ მოსწავლეს“, მორის ბეკურიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ძველი ქანდის საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებული „მცხეთის ეტალონი მოსწავლე“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.