9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერან ეთერ ბრაჭულს დღევანდელი დღე მიულოცა.
“გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავს. ქედს ვიხრი თქვენი და ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის გაწირეს. მინდა მხნეობა, ჯანმრთელობა და მშვიდობიან საქართველოში დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ომის ვეტერანს ფულადი თანხა - 500 ლარის ოდენობით გადაეცა, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.