მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის
პირველმა პირებმა, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში მომხდარი სტიქიის შედეგები, განხორციელებული და გასატარებელი სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ამ ეტაპზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების ჩართულობით, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი და დასუფთავების სამუშაოები. იწმინდება საცხოვრებელი სახლები, ეზოები, მდინარისა და ხევის კალაპოტები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უხვი ნალექისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის წევრების მიერ, ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიისგან მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მოსახლეობამ მშვიდ გარემოში განაგრძოს ცხოვრება. ასევე, მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებთან მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში დაზარალებული ოჯახები უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართითა და საკვები პროდუქტით.
სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, სადაც დაიტბორა შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.