სასკოლო ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული მცხეთის პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთელ ვაჟთა გუნდი გახდა. გამარჯვებულებს მშობლიურმა სკოლამ საზეიმო დახვედრა მოუწყო.
4 ივნისს, თბილისში, სასკოლო ოლიმპიადის თამაშების ეტაპი გაიმართა მინი ფეხბურთში, რომლის ფარგლებშიც, აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონობისა და დასკვნითი თამაშების საგზურისთვის ერთმანეთს რეგიონების ჩემპიონი სკოლების გუნდები შეხვდნენ.
ტურნირში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელით მონაწილეობას იღებდა მცხეთის პირველი საჯარო სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი, რომელმაც ზონალურ თამაშებში დაამარცხა სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების გუნდები. ფინალური თამაშის მოგების შემდეგ, ანგარიშით 6:1, მცხეთის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა და ანაკლიის საგზური მოიპოვა.
27 ივნისს, ფინალური თამაშები გაიმართება ანაკლიაში, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი მცხეთის გუნდი დასავლეთ საქართველოს ჩემპიონ ფოთის გუნდთან იასპარეზებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთელ ვაჟთა გუნდს და შემდგომშიც წარმატებებს უსურვებს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით ხორციელდება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.