მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გზების რეაბილიტაციის რამდენიმე პროექტს ახორციელებს. აღსანიშნავია წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიისა და საგურამო-ზედაზნის გზები. აღნიშნული პროექტები მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ და მერის წარმომადგენელმა საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში გელა უნდილაშვილმა დაათვალიერეს. წიწამური - საგურამო - ცხვარიჭამიიის საავტომობილო გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან, ქ.თბილისთან და ცენტრალურ მაგისტრალთან. მიმდინარე პროექტით გათვალისწინებულია, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, გზის გასწვრივ არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა. ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას. ეწყობა სანიაღვრე არხები და საჭირო ადგილებში გზის ნაპირები ბეტონის კედლით მაგრდება. მიმდინარეობს გადასახედი ადგილის მოწყობა მცხეთის მიმდებარე ხედების დასათვალიერებლად. სარეაბილიტაციო გზა, რომლის სიგრძე 6305 მ შეადგენს, სოფელ საგურამოში იწყება და ზედაზნის მონასტრის მიმდებარედ სრულდება. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონი ლარია. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ცხვარიჭამიისა და ზედაზნის გზების პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს მიმდებარე სოფლების ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.