მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სვეტიცხოვლობა- მცხეთობა 2024

14 ოქტომბერს, ტრადიციულად, ,,სვეტიცხოვლობა - მცხეთობა“, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნა მცხეთაში, რომელიც მრავალფეროვანი სადღესასწაულო და სპორტული ღონისძიებებით იყო დატვირთული. 

საზეიმო წირვა, პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. წირვას მრევლთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტარები, მინისტრები, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღესასწაულზე მცხეთას ესტუმრნენ მეგობარი ქალაქების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესტონეთიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, თურქეთიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან.

წელს ძველი ტრადიციის მიხედვით, საზეიმო ღონისძიებები თეატრონზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ბრენდირებული ნაწარმი,  ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები,  საშემოდგომო ნობათი და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საშემოდგომო-სადეგუსტაციო სივრცეები.

მოსახლეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მიესალმა, და დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს. 

2024 წლის მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორს, მცხეთელ გივი მაჭარაშვილს.  

ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ხალხური ანსამბლები.

მთავარ სცენაზე  მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ჯგუფი ,,ურსა”, გალა კონცერტით- ნუცა ბუზალაძე ბენდთან ერთად და მცხეთის ბენდი  The light room.

ღონისძიების ბოლოს,  გაიმართა ფეხბურთის ჩვენება დიდ ეკრანზე, სადაც მსურველებს შეეძლოთ ერთად ეგულშემატკივრათ ეროვნული ნაკრებისთვის.

#სვეტიცხოვლობამცხეთობა2024

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018