მოგეხსენებათ, ქალაქ მცხეთაში რამოდენიმე წელია მიმდინარეობს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა, პროექტს რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი დასრულდა. საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვესტუმრეთ უკვე დასრულებულ კომპლექსს და შევხვდით მის დირექტორს ბატონ გოჩა ქავთარაძეს.
ბატონო გოჩა, ამჟამად რა ეტაპზეა სპორტულ-გამაჯანსარებელი კომპლექსში მიმდინარე პროცესები?
როგორც მოგეხსენებათ, მცხეთის მერის გადაწყვეტილებით შეიქმნა ა(ა)იპი „მცხეთის სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსი“, რომლის დაფუძნებას თანხმობა ერთხმად გამოუცხადეს 14 მარტის საკრებულოს N7 რიგგარეშე სხდომაზე და დავინიშნე დირექტორად. შესაბამისად, დავაკომპლექტეთ ადმინისტრაცია, შესყიდვების სამსახური, მატერიალურ-ტექნიკური სამსახური, სამეურნეო განყოფილება და სხვა. შევუდექით მუშაობას და გაწერილი გვაქვს გეგმა თუ როგორ შეიძლება უახლოვეს ხანში დავიწყოთ სასწავლო სააღმზრდელო პროცესი. პირველ რიგში ტენდერი იქნება გამოცხადებული ავეჯის და ინვენტარის შესაძენად, შემდეგ სავარჯიშო მოწყობილობები და სხვა აუცილებელი ნივთები რომელიც აუზის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპრილის 20 რიცხვამდე საცდელ-სატესტო რეჟიმში ორივე აუზში გავუშვათ წყალი, რომელიც შემდგომ მოითხოვს ერთ კვირიან დაკვირვებას , რათა დავრწმუნდეთ როგორ მუშაობს ტექნიკური მხარე , ხოლო პრობლემის შემთხვევაში დროულად მივიღოთ შესაბამისი ზომები. სავარაუდოთ, მაისის დასაწყისიდან ჩვენი დაწესებულება სრულ მზადყოფნაში იქნება, რომ მივიღოთ პირველი მომხმარებლები და სპორტულ-გამაჯანსარებელმა კომპლექსმა დაიწყოს სრული დატვირთვით ფუნქციონირებმა.
რა მომსახურების მიღება შეუძლიათ მომხმარებლებს?
ამ კომპლექსში განთავსებულია ორი საცურაო აუზი, ერთი პატარა აუზი 4-14 წლამდე მოზარდებისთვის და მეორე დიდი აუზი 14 წლის ზევით მომხმარებლებისთვის. ერთი სივრცე დაეთმობა სავარჯიშო მოწყობილობებს და წონის დასაკლებ სივრცე - ფინური საუნას - შესაბამისი საშხაპეებით. სპორტულ დარბაზში შესაძლებელი იქნება კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის თამაში.
ეს არის ის ძირითადი მომსახურებები, რითაც ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ. ასევე, კომპელქსის ტერიტორიაზე განთავსდება საზოგადოებრივი კვების ობიექტი.
როგორ იქნება უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები დაცული?
უსაფრთხოება განსაკუთრებულად იქნება დაცული, იმიტომ რომ აუცილებელია დაცული იქნეს და არსებული რეგულაციებით გაკონტროლდეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც არის მკაცრად რეგლამენტირებული წესი აუზის ფუნქციონირებისათვის და ამ წესის შესაბამისად ვიმოქმედებთ. სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ჯანმრთელობის ცნობის გარეშე არ იქნება დაშვებული მომხმარებელი. ასევე მკაცრად გაკონტროლდება სპორტული ეკიპირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა,რომ ყველა მომხმარებელს ადგილზე იდეალური სისუფთავე დახვდეს.
რა სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი?
ძირითადად, დარჩენილია დასუთავების სამუშაოები, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი , სადაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კეთილმოწყობა. მე ვფიქრობ, რომ აპრილის ბოლომდე ყველა ეს სამუშაო დასრულდება.
ველოდებით ძალიან ბევრ მომხმარებელს ჩვენი ქალაქის სპორტულ - გამაჯანსაღებელ კომპლექსში. ჯანსაღი ცხოვრება მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნლოვანია და იმედია გავამართლებთ მოსახლეობის მოლოდინს.