მცხეთაში, ნარეკვავიდან სადგურის ხიდამდე, მთელი ქალაქის მასშტაბით, მიმდინარეობს ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია.
ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა და მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა დაათვალიერეს.
მიმდინარეობს სამხედროს ქუჩაზე ტროტუარების, მოაჯირების, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია;
საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო ბებრის ციხისკენ მისასვლელ გზაზე. ასევე , მიმდინარეობს ბებრის ციხის დაბლა არსებული სივრცის კეთილმოწყობა, სადაც სკვერი და ავტოსადგომი მოეწყობა. გათვალისწინებულია ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება, მოაჯირის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონტაჟი და გზისგან გამყოფ ზოლში მწვანე გაზონის მოწყობა. სივრცე, მოსასვენებელი სკამებით, დეკორატიული გარე განათებებით და ყვავილოვანი მცენარეებით შეივსება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მცხეთას კიდევ ერთი ლამაზი ტურისტული სივრცე შეემატება.
ახალმა ინფრასტრუქტურამ საჭირო გახადა ერთეულ ადგილებში (ბებრის ციხის მიმდებარედ) გარე განათების ბოძების გადაადგილება, რომელიც პროექტის საბოლოო დასრულებამდე მოხდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ასევე მუშაობს და ემზადება გამწვანების მე-3 ეტაპის განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვნად გაალამაზებს ჩვენს უძველეს ქალაქს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდა მცხეთის ცენტრში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დედათა მონასტერთან მოეწყო ავტოსადგომი და საფეხმავლო ბილიკები, ახალი განათების ბოძებით და მოსასვენებელი სკამებით.
კეთილმოეწყო გზისპირა კედლები დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები და ლედ სანათები, რკინის მოაჯირეები, კეთილმოეწყო ტროტუარების საფარი. პროექტის ფარგლებში ხის ღობეების დაზიანებული ნაწილები შეიცვლა ახლით. დაირგო ხე მცენარეები. მოეწყო მგზავრთა მოსაცდელები. ორ ლოკაციაზე დამონტაჟდა შუქნიშანი. კეთილმოეწყო მტკვარზე პომპეუსის ხიდთან გადასახედი მოედანი.