მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში მემორიალური დაფა გაიხსნა

მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში, ზაზა აფციაურისა და დემურ კულუმბეკოვის ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალური დაფა გაიხსნა. 

ზაზა აფციაური და დემურ კულუმბეკოვი მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ, რომლებიც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაერთვნენ ომში და საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოს დასაცავად. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდი ,,მეოხი“-ს  წარმომადგენლები, მცხეთის რესურსცენტრის უფროსი და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოიგონეს აფხაზეთის ომის მონაწილეები, მათი გმირობისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს. გაიხსენეს მათი ბავშვობა,  როგორი მიზანდასახულები და პრინციპულები იყვნენ.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ბოხუამ ემოციურ სიტყვაში, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე გმირებს ეძღვნებოდა აღნიშნა, რომ ,,დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება მათი დაბრუნება. ისინი წავიდნენ ომში და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, მაგრამ 27 წლის მერე სკოლას დაუბრუნდნენ სამარადჟამოდ, რომ მათ მაგალითზე ბევრი ზაზა და დემური აღიზარდონ“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მადლობა გადაუხადა გმირთა ოჯახის წევრებს ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის; ორგანიზატორებს ინიციატივისა და გმირთა ხსოვნის უკვდავყოფისთვის. აღნიშნა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მხარში უდგას მებრძოლთა ოჯახებს სოციალური პროგრამის ფარგლებში და შემდგომშიც გაგრძედება თანადგომა.

გამართულ ღონისძიებაზე, რომელის ორგანიზატორი მცხეთის მეორე საჯარო სკოლა გახლდათ, სიმღერებით და ლექსებით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარმოუდგინეს აფხაზეთის ომის ტრაგედია და ქართველ მებრძოლთა თავდადება სამშობლოსათვის. ღონისძიებას ანსამბლი ,,იბერიონის“ საცეკვაო ნომრები ამშვენებდა.   

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდი ,,მეოხი“, რომლის ინიციატივაც იყო მემორიალური დაფის გახსნა, ეტაპობრივად მუნიციპალიტეტეის ყველა სკოლაში, სადაც სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლები სწავლობდნენ, ანალოგიურ მემორიალურ დაფებს გახსნის.  

 


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018