მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქალაქ მცხეთაში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს


 ქალაქ მცხეთაში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე ზაგაშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრთან - რევაზ სოხაძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. 

სამშენებლო სამუშაოები ასევე დაათვალიერეს მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ - ჯონი ბერუაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. 

ქალაქ მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით ახალი ხიდი შენდება. 

მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. 

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. ძველი ხიდის  ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს. 

ხიდი თბილისის მხრიდან ქალაქ მცხეთასთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით მცხეთა რკინიგზის სადგურსა და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. 

ახალი ხიდი სრულად შეესაბამება მცხეთის არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას. 

ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის ღირებულება დაახლოებით 6.6 მილიონ ლარს შეადგენს. 

სამუშაოები წელს დასრულდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018