მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი- დიმიტრი ზურაბიშვილი, მხარის დელეგატი - დიმიტრი ხუნდაძე , მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ სახელწოდებით - „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“ .
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები, რაც უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აგრარული სექტორის მდგრადობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ნუტრიციოლოგიისა და სასურსათო უზრუნველყოფის კონტექსტში.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ალექსანდრე ზაგაშვილმა. სახელმწიფო რწმუნებულმა კონფერენციის თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კვლევების ჩატარების ინიციატორებს, ორგანიზატორებსა და მასში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე, საჯარო გახდა იმ კვლევის შედეგები, რომელიც ქართული ხორბლის 5 ენდემური სახეობისა და 7 ადგილობრივი ჯიშის ნუტრიენტული შემცველობის ფართო სპექტრს ეხება. აღნიშნული კვლევები, რომლის ინიციატივა ეკატერინა ხვედელიძესა და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნით, ავსტრიის თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამის წამყვან ლაბორატორიაში ჩატარდა; ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი - თეიმურაზ ბექაური, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების, საპატრიარქოს, სამეცნიერო, სასწავლო, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სურსათისა და ჯანდაცვის სფეროს, ხორბლის, პურის მწარმოებელთა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.