10 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერიისა და ამერიკის საელჩოს თავდაცვითი დეპარტამენტის ჰუმანიტარული ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებს შორის, მიმდინარე და დაგეგმილი საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა ამერიკის საელჩოს თავდაცვითი დეპარტამენტის ჰუმანიტარული ურთიერთობების ოფისის წარმომადგენელს მაიორ კვინტინ დოლის, ჰუმანიტარული ოფისის ხელმძღვანელს დავით საანიშვილს და მშენებელ ინჟინერთა ჯგუფს.
კიდევ ერთხელ განიხილეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინამძღვრიანთკარში, ახალუბანსა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხები, რომლებიც ამერიკული მხარის დაფინანსებით ხორციელდება.
დაგეგმილია წილკანში მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობა 25 ბენეფიციარზე. მშენებლობა 2020 წლის სექტემბრისთვის დაიწყება. სპეციალიზებული შენობა დამხმარე სათავსოებით, ერთსართულიანი იქნება და 400 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად განიხილეს და ისაუბრეს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მხარეებს დაეკისრებათ პროექტის განსახორციელებისას.
დაიგეგმა ამერიკული მხარის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან, მშენებლობის დროს მათი რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტები ჩვენს მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით ხორციელდება.