როდის დაარსდა მცხეთაში ნიჩბოსნობის სკოლა ?
საქართველოში ხალხურ ნიჩბოსნობას დიდი ხნის ისტორია აქვს, მობაიდარეთა პირველი სპორტული შეჯიბრება კი 1930-იან წლებში გაიმართა, როცა მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წყალჯომარდობის სადგური აიგო. ეს სადგური მთელი დატვირთვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამუშავდა. ვლადიმერ რაზმაძემ, შაქრო ხუბეროვმა და სხვა მწვრთნელებმა სპორტულ ჯგუფებში ბევრი ახალგაზრდა ჩააბეს. მოგვიანებით ასეთივე ჯგუფები გაიხსნა თბილისში, ფოთში, რუსთავში, დუშეთში, სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისში. სსრკ ჩემპიონატებში პირველი მედლები მოიპოვეს გიორგი კაპანაძემ, არსენ ხუბეროვმა, ალექსანდრე არეშოვმა, ისაკ გიგაურმა და ვლადიმერ რაზმაძემ. პირველი ჩემპიონი კი მცხეთელი ვალენტინა სერედა გახდა (1000 მ, ერთადგილიანი ბაიდარა, 1948). 1956 წელს სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მცხეთელმა კანოისტებმა მოსე მამულოვმა და გრიგოლ ურთაშვილმა. თბილისსა და მცხეთაში პირველი სანიჩბოსნო ბაზები მოაწყვეს და სასწავლო ჯგუფები გახსნეს.
1974 წელს, მცხეთაში, პირველი სპორტული სკოლა შეიქმნა. ამ სკოლაში აღიზარდნენ ისეთი სპორტსმენები როგორებიც იყვნენ ჯიმშერ ხოშებაევი, გიორგი ნასყიდაშვილი, ომარ მარეხაშვილი, ვიტალი როსტიაშვილი, იასონ ბუჯიაშვილი და სხვები.
2017 წლიდან ამ ტერიტორიაზე ვაგრძელებთ მუშაობას. პირველი სპორტის ოსტატი და მრავალგზის ჩემპიონი საქართველოში გიორგი კაპანაძე იყო, რომლის სახელობისაც გახდა ჩვენი ნიჩბოსნობის აკადემია. აკადემიაში გვყვავს 10 პროფესიონალი მწვრთნელი, რომელთა მუშაობა განაპირობებს თითოეული ბავშვის წარმატებას.
გვაინტერესებს ნიჩბოსნობის აკადემიის დღევანდელი მდგომარეობა
შენობა შესანიშნავია, არის 7 საძინებელი ოთახი, სასადილო ოთახი, სააბაზანოები და სავარჯიშო მოწყობილობების ოთახი. უახლოეს მომავალში მოხდება შენობის ინვენტარით აღჭურვა.
რამდენი ბავშვი სწავლობს ახლა ნიჩბოსნობის აკადემიაში?
ამჟამად 80-მდე ბავშვია ჩვენს აკადემიაში, მათ შორისაა 14 გოგო. ჩვენთან სწავლება უფასოა. დიდი იმედი გვაქვს მოგვეცემა საშუალება ვუზრუნველვყოთ ტრანსორტით სოფელში მცხოვრები ბავშვებიც, რომლებსაც სურვილი აქვთ იარონ ჩვენთან. რაც ჩვენი სკოლა აკადემიად გადაკეთდა, შესაძლებლობა მოგვეცა ასაკობრივი ბარიერი მოგვეხსნა, ასე რომ ნებისმიერ მსურველს მიეცემა შესაძლებლობა დაეუფლოს სპორტის ამ სახეობას , ბავშვებს 8-9 წლიდან ვღებულობთ, ვამზადებთ აქტიურად შეჯიბრებებისთვის.
- ნიჩბოსნობის აკადემიის მიღწევებზე რომ ვისაუბროთ
ბოლო შეჯიბრი გვქონდა ფოთში, აპრილის დასაწყისში, სადაც 27 მონაწილით ვიყავით წარმოდგენილი. 16 ოქროს მედალით, 17 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით დავბრუნდით. ამჟამად აქტიურად ვემზადებით ახალი შეჯიბრებისთვის რათა შევძლოთ შედეგების გაუმჯობესება.
გვეამაყება, რომ ევროპის ჩემპიონი ზაზა ნადირაძე ჩვენი მოსწავლე იყო. ზაზას ყოველთვის ყველა პირობას უქმნიდა ჩვენი სკოლა, რომ წარმატებისთვის მიეღწია. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, მიიღო სალიცენზიო შეჯიბრში მონაწილეობა და სულ ცოტა დააკლდა ლიცენზიის მიღებამდე. მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო ხელი შეეშალა, შეჯიბრზე მე-7 ადგილი დაიკავა. მეორე ოლიმპიადაზე, რომელიც რიო დე ჟანეიროში ჩატარდა, წარმატებით იასპარეზა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
ნიჩბოსნობის აკადემიის გეგმებზე გვიამბეთ
- ნიჩბოსნობის აკადემიის გეგმებზე გვიამბეთ
ველოდებით საერთაშორისო ნიჩბოსნობის ფედერაციის წარმომადგენელს, რომელიც დაათვალიერებს ჩვენს სამწვრთნელო ბაზას, შეაფასებს მას და თუ დააკმაყოფილებს შეჯიბრისთვის ჩასატარებელ მოთხოვნებს, ვუმასპინძლებთ საერთაშორისო შეჯიბრს, რომლის ჩატარებაც შემოდგომისთვის იგეგმება.
ასევე, აქტიურად ვამზადებთ 16-17 წლის სპორტსმენებს მაშტაბური შეჯიბრებებისთვის. მათ ერთ-ორ წელში ექნებათ უფლება მიიღონ მონაწილეობა, როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში .
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ ასეთი შესანიშნავი ბაზა აგვიშენეს და ბავშვებს საშუალება ეძლევათ დაკავდნენ ამ სახეობის სპორტით. მომავალ წელს ვიმედოვნებ უფრო მეტი ბავშვი გვეყოლება.
აქტიურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, სადაც გაკეთდება სტადიონი და ნავსადგომი.