მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ ზედამხელველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. მშენებლობები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ასევე, 2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის 836000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა და ამ თანხით მუნიციპალიტეტის სოფლებში 65 პროექტი განხორციელდება. ამჟამად, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ნიჩბისში, მუხრანში,ჩარდახში, გოროვანში, ერედაში, არაშენდაში, ნარეკვავზე, წიწამურში, ნავაზში,ძველ ქანდაში, ძალისსა და პატარა ქანდაში. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა - მოასფალტების გარდა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სოფლებში სასმელი წყლის სისტემებისა და სარწყავი არხების რეაბილიტაციაა, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს მუხრანში, ძალისში, ერედაში, ძეგვსა და ნავდარაანთკარში. მიმდინარეობს სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე გარე განათებების დამონტაჟება, წიწამურიში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ქსოვრისში სკვერის კეთილმოწყობა, სოფელ მუხრანში აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია, მუხრანისა და ნატახტრის კულტსახლების კაპიტალური რემონტი. აღნიშნულ პროექტებს ეტაპობრივად სხვა პროექტებიც მიემატება, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.ზოგ მათგანზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია.