3 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მოადგილე მარინა ზურაბიშვილმა, მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ცქიტიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ბექა იორდანიშვილსა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის დასაწყისში ბატონმა მერმა, სამომავლო სტრატეგიაზე და მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა სკოლის დირექტორების როლი, განათლებული და ჯანსაღი მომავლის აღზრდაში. განხილული იქნა დირექტორებისთვის საჭირო ყველა აქტუალური საკითხი. მერიის მიერ შემდგომში განსახორციელებელ ინიციატივებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე სკოლებში და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე წარჩინებულ მოსწავლეთა ფინანსურ დახმარებაზე პირველმა პირებმა ისაუბრეს.
გიორგი კაპანაძე: მუნიციპალიტეტში მუშავდება სოციალური პროგრამა, რომელიც წარჩინებული მოსწავლეების სემესტრის ბოლოს ფულად წახალისებას ითვალისწინებს. ასევე, მერია სკოლებს შესთავაზებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც მოსწავლეთა წასახალისებლად სტიმული იქნება სწავლაში და მუნიციპალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის - აღნიშნა ბატონმა მერმა
2018 წლიდან, სკოლების ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მერიებს გადაეცა, რაც მუნიციპალიტეტის მერმა თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები იმ სკოლებში, რომელთაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, ზაფხულის არდადეგებიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე მოხდება შენობების გადახურვა, შემინვა და სველი წერტილების მოწესრიგება. შემდეგ კი ეტაპობრივად განხორციელდება სამუშაოები ყველა სკოლაში გათბობის სისტემის მოწესრიგების ჩათვლით. აღინიშნა, რომ თითქმის ყველა სკოლა, გამონაკლისების გარდა, საჭიროებს კაპიტალურ რემონტს და ამ მხრივ მუნიციპალიტეტის მერიას დიდი სამუშაოები და ძალისხმევა დასჭირდება შემდგომ წლებშიც. ამჟამად თითქმის დასრულებულია ტენდერები ხუთი სკოლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. გამოიკვეთება ყველა სკოლაში პრიორიტეტული საკითხები და ეტაპობრივად მოხდება მათი გადაწყვეტა. სკოლის დირექტორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მნიშვნელოვან საკითხებში ოპერატიულად ჩართულობისა და თანადგომისათვის.
შეხვედრა კეთილგანწყობითა და სამომავლო გეგმებით დასრულდა.