14 ივნის, მცხეთაში, სასტუმრო ,,ჯინო ველნესში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა“. კონფერენციის ორგანიზატორები მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ,, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი“ იყვნენ.
მცხეთის განვითარების გენერალური გემის საჭიროება 2015 წლიდან გახდა საჭირო, როცა მცხეთის ტერიტორიაზე მორატორიუმი გამოცხადდა. დაიწყო სამუშაოები ამ მიმართულებით, რომელიც დროში საკმაოდ გაიწელა და დოკუმენტს ვადა რამდენჯერმე გაუხანგძლივდა. დაიხარჯა თანხები, მაგრამ დღეის მდგომარეობით არც გენერალური გეგმის დოკუმენტი არსებობს და არც მორატორიუმია მოხსნილი. ამიტომ დოკუმენტზე სამსჯელოდ მცხეთაში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მორატორიუმის რეჟიმი ქალაქს მაინც მძიმე ტვირთად აწევს და ადგილობრივ მოსახლეობას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” დირექტორმა რევაზ მამულაშვილმა და საბჭოს წევრებმა მცხეთის განვითარების ახალ ხედვაზე ისაუბრეს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ,,აქოლისს“ სრულფასოვანი დოკუმენტის ვადებში წარდგენა მოსთხოვეს. კომპანიის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტში ტურიზმის განვითარებას მხოლოდ ერთი აბზაცი ჰქონდა დაკავებული, რაც საქმისადმი ძალზე არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა.
კონფერენციაზე მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მოსახლეობას, ექსპერტებს, ბიზნეს სექტორსა და დაინტერესებულ პირებს მცხეთის განვითარების ახალი ხედვა და სტრატეგია წარუდგინა დაიმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ქალაქში არსებობს. მან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას იმ წინადადებებისა და რეკომენდაციების დოკუმენტში ასახვა სთხოვა, რომელიც ექსპერტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არსებობს.
„დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა, კონკრეტული დოკუმენტი არ დევს. არ შეიძლება ამდენი ხანი მორატორიუმის რეჟიმში ვაცხოვროთ ქალაქი და გავაჩეროთ. იუნესკოსთან შევჯერდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, უნდა გვქონდეს სტრატეგია და გენერალური გეგმა. სწრაფად უნდა დავდოთ დოკუმენტი და შევამსუბუქოთ მორატორიუმი. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ისტორიული შეცდომა იქნება. არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, წარსულს ვცეთ პატივი, თუმცა, აუცილებლად უნდა შევქმნათ მომავალი“ – აღნიშნა დეპუტატმა და კონკრეტულ ხედვაზე ისაუბრა.
დეპუტატმა ტურისტული მარშრუტების კონკრეტული ლოკაციები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მცხეთაში ოთხი ძირითადი ტურისტული მიმართულების განვითარების შესაძლებლობა არსებობს:
1. სამხრეთის – ფარნავაზის მოედანი-ბაგინეთი-კარსანი;
2. ჩრდილოეთის მიმართულება – ბებრისციხე-თეატრონი-წიწამური;
3. აღმოსავლეთის მიმართულება – პილიგრიმთა გზა: სვეტიცხოველი-სანათლავი – მცხეთის ჯვარი;
4. დასავლეთის მიმართულება – კოდმანი – შიო-მღვიმე.
აღნიშნა, რომ მცხეთის განვითარების ახალი ხედვის გათვალისწინების შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული ,,ტურისტული გადახურება“; ვიზიტორთათვის გაიშლება სანახაობრივი არეალი; გაიზრდება ინტერესი და ვიზიტორთა შემოდინება; გაიზრდება ვიზიტორთა ადგილზე გაჩერების ხანგრძლივობა; შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები; გაიზრდება ფინანსური რესურსების მოზიდვის მექანიზმები; მოსახლეობას პრაქტიკულად ყველა უბანში მიეცემა ბიზნესის კეთების საშუალება (სარგებელი გადანაწილდება თანაბრად); მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები.
მცხეთის მუნიციპალიტეის მერმა გიორგი კაპანაძემ კონფერენციაზე მცხეთის თეატრონის ტერიტორიის განვითარების ხედვა წარადგინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილია საბჭო, სადაც მოსახლეობის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. მცხეთა უნდა განვითარდეს მთლიანად და არა ნაწილ-ნაწილ. მთავარია, ქალაქის განვითარების სტრატეგია დაიგეგმოს სწორად. თეატრონი და მისი მიმდებარე ტერიტორია განვითარების მხრივ ყველაზე პერსპექტიულ ურბანულ სივრცეს წარმოადგენს კულტურულ-შემეცნებითი, რეკრეაციული, სასპორტო და კომერციული ობიექტების განთავსებისთვის. მოსაწყობია ინფრასტრეუქტურა და საერთოდ, თეატრონი საჭიროებს რეაბილიტაციას. კლასიკური, ეთნოგრაფიული თუ თანამედროვე მუსიკალური ფესტივალები და სხვადასხვა ატრაქციები ვიზიტორთა მიზიდულობის ძალას უნდა წარმოადგენდეს.
,,დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, უნდა მოხდეს ტერიტორიის მთლიანი ურბანული პროექტის შედგენა, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება და მის ფარგლებში ტერიტორიის სეგმენტიზაცია. იზოლირებული ნაწილები შესაძლებელია დამტკიცებული პროექტით გამოტანილი იქნეს არენდის წესით აუქციონზე განსაკარგავად, რაც მოგვცემს მრავალმხრივ დადებით ეფექტს. ტერიტორიის ტრადიციული ურბანული ქსოვილი იქნება ჰარმონიულად შერწყმული გარემოსა და ვიზუალური აღქმის დომინანტ ხედებთან.
ფუნქციონალური დატვირთვის მიხედვით, სხვადასხვა კომპანიები აამოქმედებენ ობიექტებს, რითიც პოპულარიზაციას გაუწევენ საკუთარ პროდუქციას და ვიზიტორებს შეთავაზებენ სხვადასხვა სახის მომსახურეობას.
გრძლევადიანი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქი სამომავლოდ არ დადგება იერ-სახის შესაძლო შეცვლის საფრთხის წინაშე და სოლიდურ თანხებს მიიღებს ბიუჯეტში“- განაცხადა ქალაქის მერმა.
თეატრონის ტერიტორიის განვითარების კომპონენტებად აღნიშნულ ტერიტორიაზე არამატერიალური კულტურის წარმომჩენი ქვევრის ღვინისა და ქართული ანბანის სამივე სახეობის მუზეუმების განთავსება თეატრონს მისცემს ქართული არამატერიალური კულტურის ცენტრის სახეს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მცხეთას დამატებით ქართული მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის დედაქალაქის სტატუსს მიანიჭებს, რაც მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება ვიზიტორებისათვის.
აუცილებელი იქნება მინი-სახელოსნოების ფორმირებაც, რომლებიც პროცესის ჩვენების პარალელურად მოახდენს ადგილზე შექმნილი სუვენირების რეალიზაციას. თეატრონი მოგვცემს საშუალებას, არსებულ დაუსაქმებელ თითქმის ყველა ადამიანს შევთავაზოთ სამუშაო ან ხელი შევუწყოთ მათ თვითდასაქმებას. სვეტიცხოვლის მიმდებარე ქუჩებზე მორატორიუმის გამო შექმნილი სტიქიური ვაჭრობა, მისი მოხსნის შემდეგ, გადაინაცვლებს მოსახლეთა შიდა ეზოებში და ასევე, განთავსდება თეატრონის ტერიტორიაზე.
,,წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების 500-მდე სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი, რაც მცხეთის მაშტაბებით საკმაოდ მაღალი ციფრია. ამაში არ იგულისხმება ეკონომიკურად აქტიური, თვითდასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა“- განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.
კონფერენციაზე ტურისტული მარშრუტების და კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის მექანიზმის თემაზე ისაუბრა ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის“ დირექტორმა რევაზ მამულაშვილმა, რომელმაც ქალაქის მემკვიდრეობის პოტენციალის სრულად წარმოჩენაზე, ახალი მარშრუტების და ატრაქციების ორგანიზებაზე, მათთან თანხვედრაში მყოფი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ტურისტული ნაკადების განშლაზე გაამახვილა ყურადღება. კონცეფციის ფარგლებში, საპროექტო წინადადებას ურბანული ფაქტორების აღქმის გამარტივებისათვის თან ერთვოდა რუკები და ფოტოები. წარმოდგენილ პროექტში გაშლილი იყო მცხეთაში ტურისტული ნაკადების განვითარების ოთხივე მიმართულება.