საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მცხეთის რაიონულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა და სასწრაფოს ორი ავტომობილი უახლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით ჩანაცვლდა.
ფილიალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან ერთად გახსნა. ხელისუფლების წარმომადგენლები პერსონალს პირადად გაესაუბრნენ და ახალ სამუშაო გარემოს მათთან ერთად გაეცნენ.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.