საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა, 1 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრაზე გვარდიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბროშურები გადასცეს დამსწრე საზოგადოებას და რეზერვში მიღების პროცედურები განუმარტეს.
ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები მიიღებიან. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. საბუთები მიიღება 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.
აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და სამხედრო სამსახურის პერიოდში მათი წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარი იქნება. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი და 12 თვეზე ნაწილდება.