ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა. უკვე მეხუთე წელია მუზეუმში ეს დღე განახლებული ფორმატით აღინიშნება. ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, რომლებიც თავიანთი მხარის ფოლკლორს, მხატვრობას, თეატრს და პოეზიას წარადგენენ. აჭარის, სამეგრელოს, აფხაზეთის და იმერეთის შემდეგ , ილიაობის მასპინძელი გურიის რეგიონი გახლდათ, ნიშნად იმისა რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი სახლი სრულიად საქართელოს სახლია.
წლევანდელი 2 აგვისტო, ილიას მუზეუმში მრვალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. გურიის რეგიონმა საინტერესო თეატრალური და სასიმღერო ნომრები წარადგინა, ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „კაცია-ადამიანი?!“ წარსდგა. ღონისძიების პარალელურად მუზეუმში მოეწყო ქართული რეწვის, თექის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო სხვადასხვა გამომცემლობამ დამსწრე საზოგადოებას საინტერესო წიგნების არჩევანი წარუდგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ თალაკვაძე და მოადგილე მანანა ნარიმანიძე.