ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაციას აქტიურად აგრძელებენ. შეხვედრების მიზანია რეგიონში არსებული პრიორიტეტების გამოკვეთა და მათი 2020 წლის სამოქმედო გეგმაში ასახვაა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მუხრანისა და პატარა ქანდის მოსახლეობას შეხვდნენ აქტუალური საკითხების მოსასმენად.
განიხილეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. სოფელ მუხრანში, გასულ წელს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, სადაც სკოლამდელ განათლებას მუხრანსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 180-მდე აღსაზრდელი იღებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხრანის კულტურის სახლს. რამდენიმე თვის წინ სოფელში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი. რითაც მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა 200-ზე მეტი სერვისით და 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით ისარგებლოს.
მიმდინარეობს პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომლის განახლებული ინფრასტრუქტურითაც მოსწავლეები მომავალი წლიდან ისარგებლებენ. სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და მინი სტადიონი. ასევე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს პატარა ქანდაში მისასვლელი გზის მოასფალტება.
ადგილობრივებმა მომავალ წელს განსახორციელებელ აუცილებელ სამუშაოებს შორის სამედიცინო პუნქტის ამოქმედება, წყალმომარაგების გაუმჯობესება, კანალიზაციის ქსელის მოწყობა და დარჩენილი შიდა გზების მოწესრიგება დაასახელეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ მხარდაჭერა აღუთქვეს. ასევე, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს და მოსახლეობას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს.