ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და მისი კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. საბავშვო ბაღი, რომელიც ორ ჯგუფზეა გათვლილი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ეზოს კეთილმოწყობასა და საბავშვო ატრაქციონების განთავსებას ლტოლვილთა დანიის საბჭო ფინანსურად უზრუნველყოფს. ბაღი ექსპლუატაციისთვის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცემა. საბავშო ბაღის გახსნა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ. სამშენებლო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, იაპონიის საელჩოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.