მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დასრულდა, ზოგ მათგანში კი სამუშაოები ისევ გრძელდება.
მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 770 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 8 პროექტი ხორციელდება. ამ დროისთვის მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, ლისში, ნავაზში, ახალდაბაში, გალავანში სველი წერტილების მშენებლობა და არსებულის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. მოხდა სკოლის შესასვლელების, სპორტული მოედნისა და ბილიკების მოწესრიგებაც.
ქანდის, ვაზიანისა და ჩარდახის საჯარო სკოლებში კი სარემონტო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. პროექტები დაათვალიერა, მშენებლებს შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი.
ქანდის საჯარო სკოლას სველი წერტილებისთვის გაუკეთდა მიშენება, რომელიც თუნუქით გადაიხურა და შიდა სივრცე მოპირკეთდა. სკოლის შესასვლელში კეთილმოეწყო პანდუსი შშმ პირების კომფორტულად გადაადგილებისთვის. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მშენებლობის სახელშეკრულებო თანხამ 114 443 ლარი შეადგინა.
იგივე ფონდიდან დაფინანსდა ჩარდახისა და ვაზიანის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოების სახელშეკრულებო თანხა 167 317ლარია. მშენებელი კომპანიები აღნიშნულ სკოლებში სამუშაოებს უახლეს დღეებში დაასრულებენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებულ, კეთილმოწყობილ გარემოში შეეძლებათ სასწავლო პროცესის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ 2018 წლის თებერვალში გადასცა ადგილობრივ თვითმმართველობებს დელეგირების წესით უფლებამოსილება, სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.