მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


2019 წლის ანგარიშის წარდგენა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ საზოგადოებას საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ბატონმა გიორგიმ ანგარიშის პრეზენტაციისას, მცხეთაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრისას განიხილა თითოეული სამსახური, მათში შემავალი განყოფილება და ასევე მერიის დაქვემდებარებაშიი მყოფი ა(ა)იპ-ების მუშაობა და შედეგები. პრეზენტაციის დასასრულს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, კიდევ ერთხელ შეაჯამა წლის მნიშვნელოვანი განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა საქმიანობაში.
წლიური ანგარიშის პრეზენტაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მერის მოადგილეები, გია გიუტაშვილი, მარინა ზურაბიშვილი და ოთარ ჩხეიძე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2019 წლის განმავლობაში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ნაწილიც დასრულების ეტაპზეა. გაუმჯობესდა ტურისტული, საგანმანათლებლო, სამედიცინო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, სოფელ ნატახტარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. დასრულდა ბაღის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა ფრეზეთის დევნილთა დასახლებაშიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, სკოლებში სველი წერტილები მოეწყო და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა.
ქალაქ მცხეთაში, დევნილი მოსახლეობისთვის კორპუსების მშენებლობა დასრულდა. კეთილმოწყობილი ბინები 120 დევნილ ოჯახს გადაეცა.
აქტიურად მიმდინარეობს ყოფილი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის სამუშაოები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლებს სოფელ მუხრანში და სოფელ ნატახტარში. გაიხსნა კეთილმოწყობილი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ მუხრანში.
მოეწყო დავით გურამიშვილის ძეგლი და მისივე სახელობის პარკი სოფელ საგურამოში. გაიხსნა სპორტული კომპლექსი ქალაქ მცხეთაში. ასევე, მოეწყო სკვერები და სპორტული მოედნები ქალაქ მცხეთაში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში.
მოასფალტდა ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი და წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის დამაკავშირებელი გზები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა საუბნო და სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებს. მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა ქალაქ მცხეთაში.
აშენდა ახალი ამბულატორია სოფელ გალავანში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ამბულატორიებს სოფლებში - წილკანი და ნიჩბისი. გაიხსნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა ქალაქ მცხეთაში.
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 63 დასახლებაში 66 პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგზაო ინფრასტრუქტურას და სასმელი წყლის სისტემებს, მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები და გარე განათებები. ჯამში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა თანხამ დაახლოებით 830 600 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტებიც განხორციელდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, სპეციალური საჭიროებების მქონე და ქრონიკული დაავადებების მატარებელმა პირებმა, მრავალშვილიანმა დედებმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა და ა.შ.
ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იმართებოდა ღია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრებზე ადგილობრივებმა ის საკითხები წამოაყენეს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის სამოქმედო გეგმა სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს წამოჭრილი საჭიროებების მიხედვით შემუშავდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018