2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი სოფელ ნატახტარში. დასრულდა ბაღის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა ფრეზეთის დევნილთა დასახლებაშიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, სკოლებში სველი წერტილები მოეწყო და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა;
ქალაქ მცხეთაში, დევნილი მოსახლეობისთვის კორპუსების მშენებლობა დასრულდა. კეთილმოწყობილი ბინები 120 დევნილ ოჯახს გადაეცა;
მიმდინარეობს ყოფილი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის სამუშაოები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლებს სოფელ მუხრანში და სოფელ ნატახტარში. გაიხსნა კეთილმოწყობილი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ მუხრანში;
მოეწყო დავით გურამიშვილის ძეგლი და მისივე სახელობის პარკი სოფელ საგურამოში. გაიხსნა სპორტული კომპლექსი ქალაქ მცხეთაში. ასევე, მოეწყო სკვერები და სპორტული მოედნები ქალაქ მცხეთაში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზედაზენის მონასტერთან მისასვლელ და წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის დამაკავშირებელ გზებს. მოასფალტდა შიდა საუბნო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა ქალაქ მცხეთაში;
აშენდა ახალი ამბულატორია სოფელ გალავანში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ამბულატორიებს სოფლებში - წილკანი და ნიჩბისი. გაიხსნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა ქალაქ მცხეთაში;
მიმდინარე წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტებიც განხორციელდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, სპეციალური საჭიროებების მქონე და ქრონიკული დაავადებების მატარებელმა პირებმა, მრავალშვილიანმა დედებმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა და ა.შ.