მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
14 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლები.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი.
თამარ წულეისკირმა საინფომაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგისა და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე გაამიხვილა ყურადღება, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის წინაპირობაა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ევროკავშირის პროგრამების დირექტორმა გოგიტა ღვედაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე, უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფომაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.