30 აგვისტოს, ქ.მცხეთაში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა.
მცხეთის კულტურის ცენტრში პროექტის განხილვას ესწრებოდნენ, თავიანთი მოსაზრებები და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რეგიონის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის შემადგენლობაში მყოფმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შემავალი სპორტული დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და სპორტსმენებმა.
საჯარო განხილვები, კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საზოგადოების წარმომადგენელებისგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას ემსახურება.
აღნიშნული კანონის პროექტის წარდგენა პარლამენტისთვის 2018 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა კი მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
კანონის პროექტის ტექსტი და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.bit.ly/sportis-kanoni.
საჯარო განხილვები ეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).