26 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის’’ 2019-2020 სასწავლო წლის ,,მცხეთის ეტალონი მოსწავლის’’ გამოსავლენი კონკურსი ჩატარდა.
"მცხეთის ეტალონი მოსწავლის" ტიტული გალავნის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, ელენე წიკლურმა მოიპოვა. იგი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ზაფხულში გაიმართება. გამარჯვებულს მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ბაქრაძემ წარმატებები უსურვა და თავისი ხელფასიდან ფულად ჯილდოს დაჰპირდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი კი გამარჯვებულს ,,ეტალონის“ ფინალურ ასპარეზობამდე სტიპენტიას დაუნიშნავს. ელენე წიკლაური, როგორც სწავლაში, სპორტშიც ასევე, წარმატებულია. გასულ წელს ის საქართველოს ჩემპიონი გახდა ძიუდოში, 2020 წელს კი მესამე ადგილი დაიკავა.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე პროექტის ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „მცხეთის ეტალონ მოსწავლეს“ ეთერ ხუბულურს სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მცხეთის N2 საჯარო სკოლასაც გადაეცა.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.