ქალაქ მცხეთაში, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომისთანავე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარეობს დასუფთავება, გამწვანება, ხეების დაზიანებული ნაწილების, გამხმარი ტოტების მოცილება და განაპირა ადგილებში ჯაგნარის გაკაფვა. რემონტდება ქვაფენილები, ბორდიულები, სკვერებში განთავსებული სკამები და საბავშვო კუთხეები. სამუშაოებს, რომლის მიზანია კეთილმოწყობილი, სუფთა გარემოს შენარჩუნება და არსებული მწვანე ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, აღნიშნული სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს.