მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, შექმნილია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი კაპანაძის ხელმძღვანელობით. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გადადის სპეციალურ რეჟიმზე, სადაც მოქალაქეთა მომსახურება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ და დისტანციურ რეჟიმში.
შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა ხალხმრავალი ღონისძიებები.
სამუშაო პროცესი პირველ აპრილამდე შეუწყდება მცხეთის მერიის დაქვემდებარებაში შემავალ დაწესებულებებს, რომელთაც არა აქვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები შესასრულებელი. აქაც სამუშაო პროცესი ელექტრონულად და დისტანციურად განხორციელდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ: გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისთვის და გთხოვოთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისა და მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არაა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, რაც მთელს მსოფლიოში შესაბამის ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით. ჩვენს ქვეყანაში პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება რეკომენდაციების მიღება და მათი შესრულება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსის მართვის კუთხით ყველა საჭირო ზომის გასატარებლად.
ჯანმრთელობას გისურვებთ.