2018 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, დაიწყო ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოების შეხვედრების მე-2 ეტაპი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქ.მცხეთაში. საკონსულტაციო საბჭო შედგებოდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისაგან (CSOs), მცირე და საშუალო საწარმოებისა (SMEs) და საჯარო მოხელეებისგან, როგორც რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან, ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებიდან. ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭო ორ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ სესიაზე შეხვედრის ფასილიტატორმა წარადგინა იდენტიფიცირებული გამოწვევები და რეკომენდაციები ეკონომიკის სამი პრიორიტეტული ქვესექტორიდან, რასაც სამომავლოდ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი აქვს, მათ შორის: მეფუტკრეობა, მეღვინეობა და მეხილეობა. მეორე სესიაზე მოხდა ფერმერების ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებაზე მსჯელობა ტყის არამერქნული პროდუქტების, ჩირისა და მეთევზეობის მიმართულებით. ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოზე იდენტიფიცირებული საკითხები წარმოდგენილი იქნება ქ. თბილისში დაგეგმილ ცენტრალურ საკონსულტაციო საბჭოზე 30ოქტომბერს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ქვეგრანტის ფარგლებში არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ. პროექტს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი“ (EESC, ლიტვა). მონაწილე ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო)