მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების მოსაწესრიგებლად ახალდაბაში, ნატახტარში, ვაზიანში, კოტორაანკარში, ძალისსა და ერედაში ეწყობა ჭაბურღილები, შემკრები ავზები და სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემები. აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.
სოფელ ნატახტარში ჭაბურღილი უკვე მოეწყო. ამჟამად მიმდინარეობს 10-მეტრიანი კოშკურის მშენებლობა, რაზეც სასმელი წყლის ავზი განთავსდება და განხორციელდება მაგისტრალურ მილსადენზე დაერთება. პროექტის დასრულების შემდეგ წყალმომარაგება გაუუმჯობესდება ნატახტარის ჩრდილოეთით, წილკნის ზემოთ დასახლებულ 150 ოჯახს.
ახალდაბაში დასრულდა ჭაბურღილის მოწყობა და მილსადენის გაყვანა რეზერვუარამდე. შემოიღობა აღნიშნული ობიექტი და მიმდინარეობს ელექტროენერგიით მომარაგების ტექნიკური სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 175 370 ლარია, სასმელი წყლით მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება სოფელი ახალდაბა.
ვაზიანში წყალმომარაგების პროექტს შპს ,,ჰიდრო და საინჟინრო გეოლოგია 2011“ ახორციელებს. გაკეთდა ჭაბურღილი. მიმდინარეობს 25-ტონიანი ავზის დასადგამი კოშკურის მომზადება. სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის სისტემა სკოლას, საბავშვო ბაღსა და ორ უბანს სასმელი წყლით მოამარაგებს.
სოფელ კოტორაანთკარში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას, რომლის სახელშეკრულებო თანხა 199 993 ლარია, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი“ ახორციელებს.
სოფელ ძალისისა და ერედის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით ასევე მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში სოფელ ძალისში გაკეთდება 150-ტონიანი რეზერვუარი და მილსადენით მიეწოდება ერედას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფელში 70 ოჯახი სასმელი წყლით მომარაგდება.