მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლით ხუთეულშია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შემაჯამებელი ანგარიშის შედეგად გამოავლინა ყველაზე ანგარიშვალდებული და ღია საჯარო დაწესებულება- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლით ხუთეულშია.
მცხეთის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ინარჩუნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებს საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.
მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება 2019 წლის მონაცემებით. ასევე, საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზი 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგები.