მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ დაგეგმილი ონლაინ კონფერენცია

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ  აქტიური მონაწილეობა მიიღო. მუნიციპალიტეტიდან შეხვედრას  მცხეთის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად  ესწრებოდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ორგანიზაციის მიერ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელი ონლაინ კონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას, 14 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა. 

შეხვედრაში, რომელსაც მედიატორობას ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უწევდა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ფართომასშტაბიანი კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა- გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ლელა აქიაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დროებითმა წარმომადგენელმა საქართველოში - თამარ საბედაშვილმა.

გამომსვლელებმა ქალთა და კაცთა თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე აღებულ ვალდებულებებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს როლსა და მიზნებზე გაამახვილეს ყურადღება.

მათი განცხადებით, ასოციაცია იმ პრინციპებს ემსახურება, რომლებიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას უწყობს ხელს.

მათივე თქმით, 2019 წელს, ოთხმა მუნიციპალიტეტმა,  ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას, სწორედ ათეა-ს ადვოკატირებით მოაწერა ხელი, რომელთა რიცხვსაც, კიდევ 14 თვითმმართველი ერთეული შეემატება.  

ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარუდგინა და კონფერენციის მონაწილეებს, აღნიშნული მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.   

რის შემდეგაც ღონისძიებაში იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ჩაერთვნენ, რომლებიც საქართველოდან, პირველები შეუერთდნენ ევროპულ ქარტიას.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც სხვადასხვა მუნიპალიტეტებმა ევროპულ ქარტიასთან მიერთების მზადყოფნა დააფიქსირეს.

ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ქარტიის ადვოკატირების პროცესი, რომელიც ვადებთან ერთად დეტალურადაა გაწერილი ორგანიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

დისკუსიის შემდეგ, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

დოკუმენტს აღმოსავლეთ საქართველოდან - ნინოწმინდის, მცხეთის, თიანეთის, გარდაბნისა და ბოლნისის, ასევე ყვარლის, ასპინძის, ახმეტისა და გორის მუნიციპალიტეტებმა, ხოლო დასავლეთ საქართველოდან - სენაკის, ამბროლაურის, ცაგერის, წყალტუბოსა და ფოთის თვითმმართველმა ერთეულებმა მოაწერეს ხელი.

ევროპული ქარტია, რომელიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, პროექტს-„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ახორციელებს და კონფერენციაც, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრა, რომელშიც 200-მდე სტუმარი იღებდა მონაწილეობას - ნათია ღვინაშვილმა და თამარ საბედაშვილმა შეაჯამეს.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა,  ასოციაციისთვის, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი ორგანიზაციისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება. მისივე თქმით, ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რომელიც ათეა-ს პრეზიდენტის - კახა კალაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა, კვლავ აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018