14 ოქტომბერს, ტრადიციულად მცხეთაში, მცხეთობა - სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნა, რომელიც მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებებით იყო დატვირთული. საზეიმო წირვა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. წირვას მრევლთან ერთად, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები, პარლამენტარები, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის ძველი სატახტო ქალაქს ესტუმრნენ უცხოელი სტუმრები ლატვიიდან, ლიტვადან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიიდან და იაპონიიდან. ცენტრალურ ქუჩებზე მთელი დღის განმავლობაში იყო ხალხმრავლობა, გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. მიმდინარეობდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცეს შუმბალენდმა და საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრმა უმასპინძლეს, საკარნავალო მსვლელობა გამართა ქუჩის თეატრმა, იმღერა ქალაქ მცხეთის ბენდმა ,,the light room”, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ხალხური ანსამბლები. მაჟორიტარმა დეპუტატმა, მხარის გუბერნატორმა და ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მცხეთის საპატიო მოქალაქეები დაასახელა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა: ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი), XXI საუკუნის ლეგენდას, ქართველ ოძეკს, სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; გიორგი ოვაშვილს, ქართული თანამედროვე კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის; თორნიკე სოლოღაშვილს, ბავშვთა კარდიოქირურგიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. დეკანოზ დავით ჯიშკარიანს, საერო და სასულიერო პირების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული თანადგომისა და გულისხმიერებისათვის; ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს, მცხეთის ტრადიციული სპორტის სახეობა ნიჩბოსნობაში, მიღწეული ყველაზე წარმატებული შედეგისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის. მადლობის სიგელები გადაეცათ მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს, გოჩა ქავთარაძეს, წარმატებულად და ერთგულად გაწეული შრომისათვის, სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის დაწესებულებებში მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს ნოდარ კაპანაძეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობაში შეტანილი წვლილისათვის, ერთგულად და ნაყოფიერად შესრულებული 30 წლიანი მუშაობისათვის. მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს მცხეთასთან დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსულმა უცხოელმა სტუმრებმა. გალა კონცერტისთვის სცენა საქართველოს ხალხური სიმღერისა დაცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ,,ერისიონს“ დაეთმო. საზეიმო ფოიერვერკის შემდეგ დღესასწაული ელექტრონული მუსიკით დასრულდა.