საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კერესელიძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელ პატარა ქანდაში განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ნარიმანიძემ და ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა მოინახულეს.
ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ პატარა ქანდის საჯარო სკოლის განახლებულ შენობაში სწავლა-სწავლების პროცესი ჩვეულ ფორმატში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოსწავლეებს მიულოცა საკლასო ოთახში დაბრუნება და აღნიშნა, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით გაგრძელდება. მისი თქმით, სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების დროს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ პედაგოგებმა დიდი წვლილი შეიტანეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნებაში.
პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2019 წელს ბიზნესმენ ვაჟა უსანეთაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული ურთიერთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდა სახურავი, გამოიცვალა წყალგაყვანილობა, გაკეთდა თბოიზოლაცია, გარემონტდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, დერეფნები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი, შემოიღობა ეზო, მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ღია სპორტული მოედანი და სავალი ბილიკები.
პატარა ქანდის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტი სკოლის გაფართოებასაც მოიცავდა. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი ფართი, სადაც მოეწყო თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, რესურს ოთახი, სამასწავლებლო, ადმინისტრაციის კაბინეტი და სააქტო დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 450 000 ლარი შეადგინა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და ის სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. ამასთან, გაფართოებული ინფრასტრუქტურა სკოლას აძლევს შესაძლებლობას, ახალი სასწავლო წლიდან, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც მიიღოს.