მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებთან ან სხვა ადგილებში გადაყრა კანონმდებლობით დასჯადია, ხოლო დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება, მსგავსი შემთხვევები არაერთია ჩვენს ირგვლივ. თბილი ამინდების დადგომისთანავე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა. დასუფთავდა ქალაქ მცხეთის მიმდებარედ მდინარისპირა ხევები, რომელიც მოსახლეობის მიერ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნაგვით იყო დაბინძურებული და დისკომფორტს უქმნიდა ყველა მოქალაქეს. ასევე, ხდება ხეების დაზიანებული ნაწილების, გამხმარი ტოტების მოცილება და განაპირა ადგილებში ჯაგნარის გაკაფვა. სამუშაოებს, რომლის მიზანია კეთილმოწყობილი, სუფთა გარემოს შენარჩუნება და არსებული მწვანე ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, აღნიშნული სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს.