მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, დევნილთა თემის მხარდაჭერისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მერის პირველ მოადგილე, გივი გიუტაშვილსა და ააიპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე შეიქმნა დევნილთა თემის საკითხთა შემსწავლელი საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფის ორი წარმომადგენელი ჩაატარებს თემატურ შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან და პერიოდულად შეხვდება მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელობას, დევნილ თემში არსებული პრობლემების შესახებ უკეთ ინფორმირებისთვის.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციისა და გაძლიერებისთვის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ყოველთვის დგამს ქმედით ნაბიჯებს. აღნიშნული ღონისძიებების ეფექტური და უკეთ წარმართვისთვის დევნილთა თემიდან არჩეული ერთ-ერთი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას საკონსულტაციო ჯგუფში.
მორიგი შეხვედრა ორი თვის შემდეგ დაინიშნა. ამ პერიოდში ჩატარდება პროცედურები დევნილთა თემის ლიდერის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში გასაწევრიანებლად.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი ახორციელებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს სათემო განვითარების მიმართულებით დევნილთა დასახლებებში, რომელიც სათემო ორგანიზაციის საჭიროებების გამოვლენას და მათ სტრუქტურულ გაძლიერებას ისახავს მიზნად.