მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში აშენდა ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედნები, მოეწყო საჭიდაო დარბაზები და ხელი შეეწყო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2018 წელს სპორტული მოედნების რიცხვი წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა. სოფელ მუხრანში, მისაქციელსა და ძალისში, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით, შეკეთდა ხელოვნურსაფარიანი მოედნები. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოედნების დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი, ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და ლითონის შემოღობვა განახორციელა. წელს წილკანში სრულიად ახალი მოედნის მშენებლობა დასრულდა, რომლის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ნავაზსა და მუხადგვერდში რეგიონული განვითარების ფონდის დახმარებით, შესაძლებელი გახდა ახალი მოედნების მშენებლობა. სამუშაოები 95 268 ლარად შპს ,,პე-ბე“-მ განახორციელა და მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდა. ასევე დასასრულს უახლოვდება მცხეთის აგურის ქარხნის დასახლებაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა, მიმდინარეობს ბოლო სამუშაო ეტაპი. მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. იგი ორი დამოუკიდებელი შენობისაგან შედგება და სავარჯიშო დარბაზთან ერთად 2 დახურულ საცურაო აუზს მოიცავს. სპორტული კომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე გასახდელებითა და საშხაპეებით. სპორტ-კომპლექსის არსებობა მცხეთაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სპორტის პოპულარობას, ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად გამოყენებას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. კომპლექსი საშუალებას იძლევა უმასპინძლოს სხვადასხვა მასშტაბის სპორტულ ასპარეზობებსაც.