ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, ნიშნად იმისა რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი სახლი სრულიად საქართელოს სახლია.მერვე წელია მუზეუმში ეს დღე განახლებული ფორმატით აღინიშნება. რეგიონები თავიანთი მხარის ფოლკლორს, მხატვრობას, თეატრს და პოეზიას წარადგენენ. აჭარის, სამეგრელოს, აფხაზეთის იმერეთის, გურიი, სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ , ილიაობის მასპინძელი წელს სამცხე-ჯავახეთის მხარე გახლდათ. სტუმრები საზოგადოების წინაშე საინტერესო კულტურული პროგრამით წარსდგნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, საკრებულოს წევრები, ასევე, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღევანდელ დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენთაგანისათვის. ხსენება წმიდისა ილია თეზბიტელისა. წმიდა ილია წინასწარმეტყველი იყო დიდი მცველი და მფარველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. მაქვს პატივი დღევანდელი დღე ასევე, მივულოცო ჩვენს პატრიარქს, რადგან მისი ანგელოზის ხსენების დღე გახლავთ. მოგეხსენებათ ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა. მართლმადიდებლური ეკლესია ილია ჭავჭავაძის ხსენების დღესაც აღნიშნავს.
მოხარული ვარ, რომ შევინარჩუნეთ და დღემდე მოვიტანეთ დღევანდელი დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია. წელს ილიას მუზეუმი სქართველოს რეგიონს , სამცხე-ჯავახეთს მასპინძლობს.“ - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.