მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის AR-18-1244 - ,,ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი“, თემაზე - ,,შიომღვიმის მონასტრის ღვარცოფებისაგან დაცვის პროექტი“, რომელიც დამსწრე საზოგადოებას პროექტის კოორდინატორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა წარუდგინა.
შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი და მცხეთის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინოვაციური პროექტის ფარგლებში შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ხევში დამონტაჟდება ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი, რომელიც მონასტერს წყალდიდობებისა და ღვარცოფების ზემოქმედებისგან დაიცავს.
საგრანტო პროექტის მოთხოვნების შესაბამისად, შექმნილ სამეცნიერო კონსორციუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრი და შპს ი.ჯი.ეი - გარემოს დაცვის გეოლოგიური სააგენტო. პროექტის დამუშავებაში 23 მეცნიერ-სსპეციალისტი მონაწილეობს.
გეგმა-გრაფიკის მიხედვით საგრანტო დაფინანსებით მასში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 4 დოქტორანტი.