მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე შეირჩა კომპანია, რომლის სპეციალისტებიც, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს დღეებში  პროექტირებას დაიწყებენ, პარალელურად კი, განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის შემაჩერებელ-გასამაგრებელ სამუშაოებს. 

ლისი-მუხათწყაროს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველი პირი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილ სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.

"მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ლისი-მუხათწყაროს გზის მიმდებარედ მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც ტყის მასივის ჩამოშლა გამოიწვია.  სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა. ამის შემდეგ ჩვენ მიერ და ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან მიმდინარეობდა შესაბამისი კომპანიის მოძიება, რომელიც განახორციელებდა საჭირო სამუშაოებს. დღეს ასეთი კომპანია უკვე შერჩეულია, გაფორმებულია ხელშეკრულება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა, რის შემდეგაც დაიწყებენ პროექტირებას. საქმეში ჩართულები იქნებიან სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპანია პროექტირებას გერმანელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. პროექტირების დასრულების შემდგომ კი აქტიურ ფაზაში დაიწყება  ყველა საჭირო სამუშაოს ჩატარება." - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც ზაფხულში მეწყრული პროცესები განვითარდა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდა გერმანელი სპეციალისტი პიტერ ნეიმანიც.

"კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტმა" შემოგვთავაზა, რომ პრობლემის გადასაჭრელად  ერთად გვემუშავა. ჩემი აზრით,  მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ქანების  გეოლოგია და სტაბილიზაცია. ასევე, სტრუქტურა, რათა უკეთესად შევძლოთ მთის გამყარება. აღნიშნული სამუშაოები  იქნება გზის სტაბილურობის გარანტი.  შედეგის მისაღებად სწორედ  შემოთავაზებული კვლევაა საჭირო.  კოლეგებთან ერთად არაერთხელ ვისაუბრე, თუ როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა.  როგორც ვიცით, გეოლოგია რეგიონში რთულია. ჩვენი მიზანია შევაჩეროთ მთის ჩამოშლა. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დასახული გეგმა კარგად იმუშავებს, " - განაცხადა პიტერ ნეიმანმა.

ცნობისათვის,  კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" დაახლოებით 6 თვის განმავლობაში სამუშაოებს სრულად დაასრულებს, რის შემდეგაც ლისი-მუხათწყაროს აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება და მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილება შეეძლება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018