მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთაში იმყოფებოდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

კერძოდ, თეა წულუკიანმა დაათვალიერა ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის შენობა. მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება. ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით, სრულდება მუზეუმის საექსპოზიციო სივრცის პროექტი. მუზეუმის გახსნა 2022 წელს იგეგმება.

მინისტრმა მცხეთაში ახლადაშენებული მულტიფუნქციური კულტურის ცენტრიც მოინახულა. ხანძრის შედეგად განადგურებული ძველი კულტურის სახლის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კულტურის ცენტრი. პროექტის ღირებულება 5 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ასევე, მინისტრმა ახლადაშენებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (რომელიც ორი შენობისგან შედგება და ერთ-ერთ მათგანში ამჟამად ვაქცინაციის ცენტრია გახსნილი) დაათვალიერა. სპორტული კომპლექსი მრავალფუნქციურია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. კომპლექსში ორი - დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზია, რომელიც სხვადასხვა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. სპორტულ კომპლექსში არის სავარჯიშო და სპორტული დარბაზები. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

ვიზიტის დასასრულს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრი მცხეთის დედათა მონასტერს ეწვია.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018