მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სოფელ მუხრანში, საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა.ადგილზე უსაფრთხო იმუნიზაციისათვის ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით, ამასთან, ყველა მათგანს წინასწარ გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები. ფუნქციონირებს შოკის ოთახიც.
აღსანიშნავია, რომ მუხრანის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით "სინოფარმითა" და "სინოვაკით" იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს 2 ამცრელი ბრიგადა კვირაში 3 დღის განმავლობაში (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოემსახურება.
მასობრივი იმუნიზაციის ახლადგახსნილ ცენტრში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველმა პირმა ვაქცინაციის პროცესში მხარდაჭერისათვის შესაბამის უწყებებს მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ამცრელი დაწესებულებების დამატება აქტიურად მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, რომ მუხრანი, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ვაქცინაცია საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩაიტარონ.
მუხრანის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მხარის პირველ პირთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე კახა მამულაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ვაქცინაციის პუნქტი მუხრანის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის სპორტულ დარბაზში განთავსებული იქნება, ვიდრე სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში აღდგება, ხოლო შემდეგ ამცრელი დაწესებულება მუხრანის კულტურის სახლში მოეწყობა.