მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ მუხათწყარო-მსხალდიდის შემოვლით გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე უკვე მოსწორდა და დაიტკეპნა გზის ნაწილი. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის დაზიანებული მონაკვეთები მოიხრეშება. შედეგად, მოსახლეობა გადაადგილებას უსაფრთხო და გაუმჯობესებულ პირობებში შეძლებს.
მუხათწყარო-მსხალდიდის შემოვლით გზაზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ნუკრი ქობულაშვილთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ლისი-მუხათწყაროს გზის მიმდებარედ, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მოქალაქეებს გადაადგილება მუხათწყარო-მსხალდიდის შემოვლითი გზით უწევთ, თუმცა აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებულია.
ცნობისათვის, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა და შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.