მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა, სადაც პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დღეიდან შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისათვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი და 1700-მდე ბენეფიციარს მოემსახურება.
სოფელ ძველი ქანდის ახალი ამბულატორია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
ძველ ქანდაში სამედიცინო ამბულატორია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,, Nთშ“ განახორციელა. სახელშეკრულებო თანხა 94 100 ლარს შეადგენს. პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას.