მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სოფელ მუხრანში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და იმუნიზაციის პროცესს შეეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და ამ კუთხით დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
თავის მხრივ, მხარის პირველმა პირმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც დავით ნოზაძემ აღნიშნა, რეგიონში უსაფრთხო ვაქცინაციისათვის ყველა პირობაა შექმნილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ, ცენტრის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუხრანის კულტურის სახლში განთავსებული ვაქცინაციის პუნქტი მოინახულა და იმედი გამოთქვა, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმუნიზაციის პროცესი მომავალში მეტად აქტიურად გაგრძელდება.