მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ორგანული (ბიო) სოფლის მეურნეობის განვითარება

11 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ფორუმი თემაზე - ორგანული (ბიო) წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობები. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების, ბიოსერთიფიცირების სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე, ბიოსაშუალებების (სასუქები, პესტიციდები და სხვა) მწარმოებელი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებმა, დარგის სპეციალისტებმა, ფერმერებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. ფორუმი მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა შალვა გივიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარემ ორ წელზე მეტი ხნის წინ აიღო მწვანე განვითარების ორიენტაცია, განსაზღვრულ მიზნებს შორისაა ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება. პრემიერ-მინისტრის მიერ ქვეყნის მწვანე ეკონომიკის კურსი გამოცხადდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს კი აქვს ამბიცია, რომ იყოს წამყვანი და საპილოტე ამ მიმართულებით. ბატონი გივიშვილის განცხადებით, დღევანდელი ფორუმის მიზანს წარმოადგენს ბიოწარმოების სფეროს სხვადასხვა მხარეების ერთმანეთთან დაკონტაქტება, ინფორმაციის გაცვლა, წინადადებების მომზადება დარგობრივ სამინისტროში წარსადგენად და სხვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გელაშვილმა ორგანული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე, სამინისტროს პოზიციაზე და ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ისაუბრა. PIN (People in Need)-ის პროექტის მენეჯერმა ნანა ფერაძემ მიმოიხილა ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში შექმნილი საინფორმაციო მაგიდების მუშაობა, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აწვდიან ინფორმაციას ევროპულ წარმოების ნორმებზე და ევროპის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის პირობებზე. შეხვედრაზე ბიოსაშუალებების მწარმოებლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. "ორგანული (ბიო) წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობები" - თემის ირგვლივ გაიმართა აქტიური დისკუსია. ფერმერებმა წამოაყენეს ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგანან ისინი. ფორუმზე ჩამოყალიბდა წინადადებები, რომლებიც მიეწოდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018