მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსნის სკოლაში ბონდო როსტიაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსნის საჯარო სკოლაში,  აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული ბონდო როსტიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალური დაფა გაიხსნა.

ბონდო როსტიაშვილი ქსნის საჯარო სკოლის კურსთამთავრებული იყო, რომელიც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაერთო ომში და საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოს დასაცავად. ომში დაღუპული მებრძოლის მემორიალური დაფა, შვილმა-ტიტო როსტიაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას მცხეთის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჯიქია, მცხეთის მერის წარმომადგენელი ქსნის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ალავერდაშვილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრები და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა, დეპუტატმა გიორგი ჯიქიამ და სკოლის დირექტორმა ნანა ქუმსიაშვილმა, რომლებმაც მოიგონეს აფხაზეთის ომის მონაწილე მებრძოლი და მისი გმირობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, გაიხსენეს მისი ბავშვობა, თუ როგორი მიზანდასახული და პრინციპული იყო და

მადლობა გადაუხადეს გმირის ოჯახის წევრებს ღირსეული მამულიშვილის აღზრდისთვის. 

 ღონისძიების ინიციატორი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და  ქსნის ადმინისტრაცია იყვნენ, ხოლო ორგანიზატორი  ქსნის საჯარო სკოლა გახლდათ.

 გამართულ ღონისძიებაზე  სიმღერებით და ლექსებით სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარმოუდგინეს აფხაზეთის ომის ტრაგედია და სამშობლოსათვის ქართველ მებრძოლთა თავდადება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018