19 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც, თსუ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ წარმოდგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სეისმრური საშიშროების შეფასება საქართველოსთვის და სეისმური რისკი ქალაქ მცხეთისთვის თანამედროვე მიდგომებით“ შედეგები. მომხსენებლები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელი თსუ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის სექტორის გამგე, მთავარ მეცნიერ თანამშრომელი დოქ. ნინო წერეთელი, ამავე ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერები ზურაბ გოგოლაძე და დავით სვანაძე, ასევე პროექტის უცხოელი კონსულტანტი, იტალიის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი საბჭოს გარემოს გეოლოგიისა და გეოინჟინერიის ინსტიტუტის მკვლევარი დოქ. მასიმილიანო მოსკატელი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები. კერძოდ, განხორციელდა: სეისმური საშიშროების შეფასება საქართველოსთვის; ლოკალური სეისმური საშიშროების დადგენა (სეისმური მიკროზონირება) ქ. მცხეთისთვის; სეისმური რისკის შეფასება და მისი შემცირების ღონისძიებების ჩამოყალიბება. პროექტის რეალიზაციის პროცესში მოხდა ახალგაზრდა მეცნიერების მივლინება საზღვარგარეთ, სეისმური საშიშროებისა და მიკროზონირების შეფასების თანამედროვე მეთოდების ათვისება და მათი დანერგვა საქართველოში. ქ. მცხეთის ტერიტორიისათვის სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასების, ერთიანი მეთოდოლოგიით განხორციელებული სეისმური მიკროზონირების, განაშენიანების მოწყვლადობის შეფასებისა და ავარიული ზღვრული მდგომარეობის ანალიზის შედეგები გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ეს ინფორმაცია ძალზედ მნიშველოვანია მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის, რათა შეიქმნას ისეთი ურბანული გარემო, რომელიც დაცული იქნება დამანგრეველი მიწისძვრებისგან და შემცირებული იქნება მოსალოდნელი დანაკარგები. ქ. მცხეთა პირველი ქალაქია საქართველოში, რომლის გენერალური გეგმის შემუშავება დაეფუძნება თანამედროვე მეთოდებით შეფასებული სეისმური საშიშროებისა და რისკის ახალ შედეგებს. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რევაზ მამულაშვილი , ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.